საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. ღონისძიებაზე პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
“დღეს ჩვენ ბიზნესომბუდსმენის აპარატი ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესსექტორთან. პირველი შეხვედრა გავმართეთ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნეს-ასოციაციებთან, რომელშიც ერთიანდებიან როგორც სექტორული, ისე რეგიონალური ბიზნეს-ასოციაციები და, ასევე, მისი წევრი ბიზნეს-კომპანიები. ეს შეხვედრები გაგრძელდება, როგორც მსხვილ, ასევე, მცირე ბიზნეს-გაერთიანებებთან. ჩვენ შემდეგ კვირაში შევხვდებით საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესთან აქტიურად მუშაობენ და ძალიან კარგად იციან პრობლემატი8კა. აგრეთვე, შევხვდებით ბიზნესის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგანაც ყველა ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ამ შეხვედრების ფარგლებში გამოვყოფთ პრიორიტეტებს და მივიტანთ კონკრეტულ საკითხებს შესაბამის ადმინისტრაციულ უწყებებამდე,”- აღნიშნა ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო სექტორების დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მცირე, საშუალო და რეგიონული ბიზნეს-სექტორებისათვის.
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2018 წლის 25 იანვარს, მთავრობის სხდომაზე დანიშნა. მანამდე, ირაკლი ლექვინაძე დავით ნარმანიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პროფესიით ეკონომისტია. არის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოწვევით ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
უახლოეს დღეებში ირაკლი ლექვინაძე შეხვედრებს იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გეგმავს. ბიზნესომბუდსმენი როგორც მსხვილ, ასევე, მცირე სექტორულ და რეგიონულ ბიზნესგაერთიანებებსაც შეხვდება.