- ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა გადასახადის გადამხდელთან უშუალო კონტაქტი, რომელიც შემდეგი ფორმებითა და საშუალებებით ხორციელდება:
- შეხვედრა გადამხდელთან, მათ შორის, სხვადასხვა ბიზნეს და დარგობრივი ასოციაციების მეშვეობით;
- გადამხდელის განცხადება, მათ შორის, გადმოგზავნილი საქართველოს მთავრობიდან და საქართველოს პარლამენტიდან;
- სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია, მათ შორის, სოციალური ქსელის საშუალებით.
- პრობლემური საკითხებისა და ტენდენციების იდენტიფიცირების მნიშვნელოვან წყაროს წარმოდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, რომლის სხდომებშიც 2013 წლის 22 ოქტომბრიდან წევრის სტატუსით მონაწილეობს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი და საშუალება გვეძლევა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჩივრის განხილვის პროცესში.
- ინფორმაციის მიღების ეფექტური საშუალებაა ბიზნესომბუდსმენთან არსებული, აუდიტორებისა და იურისტების სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იკრიბება და იხილავს სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს. სამუშაო ჯგუფი არ შემოიფარგლება მხოლოდ საგადასახადო თემატიკის განხილვით და მსჯელობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.
- ბიზნესომბუდსმენის აპარატი ინფორმაციას იღებს ასევე ბიზნეს და დარგობრივ ასოციაციებთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მეშვეობით. ბიზნესომბუდსმენთან მათი შეხვედრა დგება გარკვეული პერიოდულობით, ასევე, ყოველი კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გამოვლენილი პრობლემები, წარმოშობის საფუძვლის მიხედვით, შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად:
ა) კანონმდებლობის ხარვეზის საფუძველზე წარმოქმნილი პრობლემები;
ბ) კანონმდებლობის აღსრულებისას წარმოქმნილი ანუ ადმინისტრირების პრობლემები.
გამოვლენილ პრობლემებზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეაგირებაც შესაბამისად, განსხვავებულია:
- თუ პრობლემა წარმოქმნილია კანონმდებლობის აღსრულებისას (არასწორი ადმინისტრირებით), ამ შემთხვევაში, ხდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯრების საფუძველზე, მზადდება ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. საქმისწარმოების დასრულებამდე, ხორციელდება მონიტორინგი გაწეული რეკომენდაციის შესრულებაზე.
- თუ პრობლემა წარმოქმნილია კანონმდებლობის ხარვეზის გამო, ამ შემთხვევაში, მზადდება ბიზნესომბუდსმენის დასკვნა და ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატში განიხილება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებთან. სამუშაო განხილვების შედეგად შეჯერებული დასკვნა და პროექტი, შემდგომი სამართლებრივი პროცედურების გავლის მიზნით, წარედგინება შესაბამის სამინისტროს.