საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება პირველ მაისს ამოქმედდება. შესაბამისი ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის ვებპორტალზე გამოქვეყნდა.
შვეიცარიამ გუშინ დაასრულა პროცედურები, რომელიც საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის ხელმოწერილი დოკუმენტის ასამოქმედებლად იყო აუცილებელი.
შვეიცარიის მთავრობის ცნობით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გააქტიურებას. მაგალითად, შეღავათები ამოქმედდება ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა შვეიცარული ყველი, რძის ნაწარმი და შოკოლადი.
„თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებით საქართველოსა და EFTA-ს შორის, შვეიცარია აგრძელებს ეკონომიკური რეფორმებისა და კავკასიური რესპუბლიკის ევროპულ და გლობალურ დონეზე ეკონომიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2016 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე ძალაშია საქართველოსთვის, ნორვეგიისთვის და ისლანდიისთვის. EFTA-ს საიტის მონაცემებით, პირველ მაისს შეთანხმება დაიწყებს მოქმედებას შვეიცარიასთან და ლიხტენშტაინთან მიმართებაშიც.