„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის სათაო ოფისი დროებით გადაინაცვლებს რეგიონში, სადაც კომპანიას გააჩნია ორი საწარმო,“- ასე გამოეხმაურა ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ საკითხზე კომუნიკაცია საწარმოს ამჟამინდელ მფლობელთან დღეს დილით ჰქონდა.
მისივე თქმით, კომპანიის პარტნიორების ქმედებები, ძირითადად, შექმნილმა აჟიოტაჟმა განაპირობა და საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.
„მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი კომპანიის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომპანიასა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვანია, მოხდეს დაკვირვება იმ პროცესზე, რომ სახელმწიფო უწყების მოქმედებამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ეს არის ჩვენი მონიტორინგის მთავარი საფუძველი. კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს გავლენა ამ პროცესზე არ აქვს,“-აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ბადაგონის“ საკითხს აქტიურ მონიტორინგს უწევს.