ვიდეო ჩართვა სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ვიდეო ჩართვის საშუალებით სილამაზის სალონების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.
ვიდეო ჩართვაში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე და დარგის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც დარგის სამუშაო სპეციფიკა ასევე, მათი შენიშვნები.
ვიდეო ჩართვა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სილამაზის სალონების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ სილამაზის სალონებისთვის და ესთეტიკის ცენტრებისთვის შემუშავებული რეგულაციები სამუშაო სივრცეში კორონავირუსის პრევენციას ისახავს მიზნად და მათი შესრულება ყველა სილამაზის სალონისთვის და ესთეტიკის ცენტრისთვის სავალდებულოა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან და კერძო სექტორთან. დღეს გვქონდა მორიგი შეხვედრა სილამაზის სალონების ფედერაციასთან და ერთად კიდევ ერთხელ განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეკომენდაციები და სტანდარტები. სტანდარტებში სრულად არის ასახული აღნიშნული დარგის ის პრაქტიკა, რეალობა და საჭიროებები, რაც შესრულებადია ბიზნესის მიერ და ხელს შეუწყობს დარგის სწრაფად გახსნას და ეფექტურად მუშაობას“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.