სამუშაო შეხვედრაზე „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) , შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) , ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლებმა და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ შეხვედრაზე კანონის პროექტთან მიმართებაში ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინა. ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი 17 შენიშვნა - წინადადება აქვს.
„პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტები „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“. კანონის პროექტებში ასახული ცვლილებები ფუნდამენტურად ცვლის შრომითი ბაზარზე დღეს ბიზნესისთვის არსებულ წესებს და ძირეულად ცვლის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. არსებული ფორმით „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტების მიღება აჩენს საფრთხეს ჩრდილოვან სექტორში გადავიდეს დამსაქმებლის და დასაქმებულთა ურთიერთობები, რაც გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და წინააღმდეგობაში მოდის დაგეგმილი ცვლილებების მთავარ მიზანთან. ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი ფორმით შრომითი ბაზრის რეფორმირება ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს პოზიციებზე გავლენიან ბიზნეს რეიტინგებში, მათ შორის გავლენა მოახდინოს მსოფლიო ბანკის Doing Business-ში საქართველოს მე-6 პოზიციის გაუარესებაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის პროექტების მიღებამდე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარება და აღნიშნული დოკუმენტის ანალიზის მიხედვით კანონის პროექტების არსებული ვერსიების დაკორექტირება.“ - განაცხადა გურამ გიორგაძემ.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებული წინადადებების და შენიშვნების მიხედვით, კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირია ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები, მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევაზე დაკავშირებით საჩივრის დამწერთა პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით, შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს „გამოკითხვის“ ჩატარების უფლება, კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, რომ შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება.