საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა, ასევე, განმარტა საქმიანობის მთავარი პრინციპები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, დისკუსიისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც, სამომავლოდ, ფერმერთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში გაგრძელდება.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ბიზნესომბუდსმენის ჩართულობის მნიშვნელობას სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაში, მათ შორის ბიზნესსა და სამთავრობო უწყებებს შორის კომუნიკაციაში, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში და ბიზნესსექტორისთვის საინფორმაციო- საკონსულტაციო მომსახურების გაწევაში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მოწვევით, ღონისძიებას ბიზნესსექტორის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.