შეხვედრა ბიზნესთან ფოთში

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრები გამართეს საზღვაო და მომიჯნავე სფეროების სხვადასხვა სეგემნტის წარმომადგენლებთან.

“ვაგრძელებთ ბიზნესთან შეხვედრას რეგიონულ დონეზე, რომლის მიზანია გავიგოთ ადგილობრივ დონეზე რა ტიპის პრობლემები გააჩნია ბიზნესს და მათზე რა ტიპის გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა.
ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კორონავირუსის პირობებში ბიზნესის გახსნა იყოს მდგრადი და ეფექტური.
დღეს ჩვენ შევხვდით პორტებს ტერმინალებს ფორვარდერებს და ასევე მეთევზეებს. მოვისმინეთ მათი ბიზნეს პროცესის და საქმიანობის შესახებ და თუ რა გავლენა გააჩნია კორონავირუსს ამ ბიზნესის კეთების პროცესში
ფოთისა და ბათუმის ძირითად ეკონომიკურ აქტორებთან”, განაცხადა მიხეილ დაუშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, “რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, კორონავირუსმა მოახდინა გარკვეული გავლენა, თუმცა ბიზნესის გახსნა მოხდა მდგრადად, ბიზნესი ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს და აგრძელებს მუშაობას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტული სექტორის მუშაობა ქვეყნის ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მათი წვლილი ჩვენი ლოჯისტიკური ფუნქციის ზრდაში არის უმნიშვნელოვანესი”.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანო, რეგულარულად მართავს მსგავს შეხვედრებს საზღვაო სექტორის ბიზნესებთან. სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის შეფასებით ბიზნესომბუცმენის ჩართულობით საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები შედგა საზღვაო და მომიჯნავე დარგების სხვადასხვა სეგემნტის წარმომადგენლებთან.

“ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დარგის წინაშე დგას და ასევე გადაჭრის გზებზე, ერთი ფანჯრის პრინციპის მნიშვნელობაზე და მის დანერგვაზე საქართველოს პორტებში, ასევე ფოთში საზღვაო სასწავლებლის მნიშვნელობაზე, როდის გაიხსნება და რა მიმართულებებს მოემსახურება.
უშუალოდ ინდუსტრიისგან მოვისმინეთ ის გამოწვევები, რაც Covid19-დან გამომდინარე დგას და ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც, რასაც სახელმწიფოსთან ერთად ინდუსტრია გვთავაზობს”, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.