შეხვედრა ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ  ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის  გაფართოებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაში 100მდე კომპანიის წარმომადგენელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების  ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს  შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნები, კომპანიების ინსპექტირების პროცესები და თემასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

„ყველა ვთანხმდებით, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთ საწარმოებში,  სადაც არის მომატებული საფრთხეები და  შრომისათვის მავნე  პირობები.  არის თემები, რომლებსაც ბიზნესი სვამს კანონპროექტის ავტორების მიმართ. კერძო სექტორის მხრიდან არსებობს გარკვეული ტიპის შენიშვნები და ეს შენიშვნები არის საყურადღებო. ერთია, რომ არსებობს  ფურცელზე კანონი, მაგრამ მეორეა როგორი იქნება პრაქტიკაში მისი აღსრულების შესაძლებლობა. ახალი კანონი არ უნდა იქცეს ბიზნესისთვის დამატებით ტვირთად. იმიასთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს საწარმოების დაჯარიმება არ არის საკმარისი, მთავარია რომ მომატებული საფრთხის მქონე საწარმოებში დაიხვეწოს ტექნოლგიური პირობები ისე, რომ დასაქმებულებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო შეიქმნას. ასევე, მნიშვნელოვანია რომ ინსპექტირების პროცესი მოქცეული იყოს სტანდარტში და კომპანიებს ბიზნეს საქმიანობის პროცესში ამან არ შეუქმნას პრობლემები.  ვფიქრობთ, რომ კანონი არ უნდა გავრცელდეს ყველა სექტორზე, რადგან  ამის საჭიროება არ  დგას.  ეს საკითხები ძალიან სენსიტიურად აღიქმება კერძო სექტორის მხრიდან.   ბიზსნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იყო ჩართული კანონპროქტის შემუშვების პროცესში. ჩვენ ბიზნესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ  ყველა ეს შენიშვნა და ვმუშაობთ, რომ კერძო სექტორის პოზიცია გათვალისწინებული იყოს.“ - განაცხადა ბიზნესომბუდმსენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის პირველად იმართება მსგავსი მასშტაბის შეხვედრა მას შემდეგ,  რაც ინსპექციას სამოქმედო მანდატი გაეზარდა, შესაბამისად შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი იყო 2018 წლის 1აგვისტოდან ამოქმედებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას დასაქმებულისათვის და ამავდროულად, ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების პირობების პერიოდულ ინსპექტირებას შრომის ინსპექციის მიერ.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოგრანიზებით გაიმართა.

მიმაგრებული სურათები