საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მომართავენ მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ და ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დაარეგისტრირონ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. მეწარმეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები ახალი ვალდებულების შესახებ. მათმა დიდმა ნაწილმა ბოლო დღეებში შეიტყო საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულების თაობაზე და რომ რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამიტომ მეწარმეებმა იუსტიციის სახლს რეგისტაციისთვის ბოლო დღეს მიმართეს, რამაც რიგები გამოიწვია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივმართავთ შრომის ინსპექციას, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სანქცირება გონივრული ვადით გადადოს.
შეგახსენებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისათვის პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.
აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N381 დადგენილებით.
საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მოცემულია თანდართულ სამართლებრივ აქტში
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4277583?publication=0