1. კანონპროექტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახური (საქართველოს შრომის ინსპექცია) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედამხედველი ორგანო არის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. წინამდებარე კანონპროექტით კი აღნიშნულ ფუნქციას ასრულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წინამდებარე კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ორგანულ კანონთან, რადგან ორგანული კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის ორგანოს ფუნქციები და ამ კანონპროექტით გათვალისწინებული შრომის ინსპექციის ფუნქციები იდენტურია.
2. კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციისადმი დაკისრებული ნებისმიერი სხვა ფუნქციები არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ხელს შეუშლის მათი პირდაპირი მოვალეობების ეფექტურ შესრულებას ან ნებისმიერი ფორმით ზიანს მიაყენებს დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან ურთიერთობისათვის აუცილებელ შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებასა და მიუკერძოებლობას.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ჩანაწერი ბუნდოვანია. შრომის ინსპექციის ფუნქციები განისაზღვრება წინამდებარე კანონით. შესაბამისად, შეუძლებელია, მას დაეკისროს ისეთი ფუნქციები, რომელიც ხელს შეუშლის მისი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას.
3. კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ფუნქციების შესრულებისას, შრომის ინსპექციის სამსახურმა ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილება და უფლებები უნდა გამოიყენოს იმგვარად, რომ მან მაქსიმალურად შეძლოს სტრატეგიული გავლენის მოხდენა შრომით ნორმების ეფექტური გამოყენების უზრუნლვეყოფაზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი აქაც ბუნდოვანია. გაურკვეველია, რას ნიშნავს სტრატეგიული გავლენის მოხდენა შრომითი ნორმების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფაზე.
4. კანონპროექტის მე-9 მუხლთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტით იქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის რჩევების მიცემას სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.
მიზანშეწონილია, რომ მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები გაიწეროს შედარებით დეტალურად, მითუმეტეს ეს ორგანო ბევრი წევრისგან არის წარმოდგენილი.
5. კანონპროექტის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია განიხილოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ყველა საჩივარი შრომითი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით.
ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაკონკრეტდეს, თუ ვინ იგულისხმება დაინტერესებულ პირში. მიგვაჩნია, რომ საჩივრის შეტანის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ დასაქმებულს, რომელიც თვლის, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვეულია მისი შრომითი უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილ საჩივარზე რეაგირება, გამოიწვევს დამსაქმებელთა კანონიერი სამეწარმეო უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი დასაქმებული საერთოდაც არ თვლის, რომ რომელიმე შრომითი უფლება დაარღვია ამ დამსაქმებელმა.
6. კანონპროექტის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია საჩივართან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება ამ კანონით განსაზღვრული წესის და უფლებამოსილების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მთავარი შრომის ინსპექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა შეიძლება გაგრძელდეს საჩივრის გადაწყვეტისთვის საჭირო გონივრული ვადით.
კანონპროექტი არ ადგენს ინსპექტირების განხორციელების ზუსტ ვადებს. კერძოდ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ინსპექტირების პროცესი შრომის ინსპექციის მიერ?
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია მეწარმე სუბიექტებისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა შრომის ინსპექციას კანონპროექტი ანიჭებს უფლებამოსილებას, ინსპექტირების დროს მოითხოვოს სამუშაო სივრცის/ადგილის ხელშეუხებლობა.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად შრომის ინსპექციას განესაზღვროს კონკრეტული კალენდარული ვადა, რომელსაც ის ვერ გასცდება.
აღნიშნული მნიშვნელოვანია ერთის მხრივ დასაქმებულთათვის, მეორეს მხრივ კი დამსაქმებელმა, მისი სამეწარმეო ინტერესებიდან გამომდინარე, დროულად უნდა იცოდეს, თუ რა ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას აპირებს შრომის ინსპექცია მის მიმართ.
7. კანონპროექტის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მე-13 მუხლში მითითებული დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება ამ კანონით განსაზღვრული წესის და უფლებამოსილების შესაბამისად.
მიგვაჩნია, რომ შრომის ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება.
საკუთარი ინიციატივით ინსპექტირება, თუ არ არსებობს დაზარალებული და შესაბამისად მისი საჩივარი, აზრს მოკლებულია და გაუმართლებლად არღვევს დამსაქმებელთა კანონიერ სამეწარმეო ინტერესებს.
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაში შრომის ინსპექცია მხოლოდ მაშინ უნდა ერთვებოდეს, როცა დასაქმებულის შრომითი უფლებები იზღუდება/ირღვევა, ამის იდენტიფიცირების ერთადერთი და საუკეთესო ინდიკატორი არის თავად დასაქმებული, რომელიც თვლის, რომ დამსაქმებელი არღვევს მის შრომით უფლებებს. ამის საპირისპიროდ, თუ მას არ მიაჩნია, რომ მისი უფლებები დამსაქმებლის მიერ ირღვევა, მაშინ შრომის ინსპექციას არ უნდა ჰქონდეს მათ შორის ურთიერთობაში ჩარევის უფლებამოსილება.
8. კანონპროექტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია: თავისუფლად და წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიდეს ინსპექციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ღამის ან დღის ნებისმიერ დროს.
გამომდინარე იქედან, რომ ინსპექტირებას დაქვემდებარებული შენობები ძირითადად წარმოადგენს კერძო საკუთრებაში არსებულ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ადგილს, მიგვაჩნია, რომ შრომის ინსპექციას სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე არ უნდა ჰქონდეს ამ შენობებში შესვლის უფლება.
სასამართლოს ბრძანების საფუძველზე შესვლა შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას შესძენს გაცილებით მაღალ ლეგიტიმურობას, ვიდრე მხოლოდ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე კერძო საკუთრებაში წინასწარი შეტყობინების გარეშე თავისუფლად შესვლის შემთხვევაში.
9. კანონპროექტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, შევიდეს დღისით ნებისმიერ შენობაში, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ასეთი შენობა ექვემდებარება ინსპექციას.
გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება ნებისმიერ შენობაში შესვლას (მათ შორის ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლი), საკუთრების უფლების აბსოლუტურობის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ კანონშივე შეძლებისდაგვარად დაკონკრეტდეს და შესაბამისად გაიზარდოს შრომის ინსპექციის მტკიცების ტვირთი, თუ რა შემთხვევაში არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი შენობა ექვემდებარება ინსპექციას.
10. კანონპროექტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია, მოკვლევის მიზნებისათვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, დოკუმენტი, საგანი ან ნივთიერება ან განახორციელოს ასლის გადაღება.
წარმოდგენილი მასალის, დოკუმენტის, საგნის ან ნივთიერების დალუქვა ან/და ამოღება, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს უკიდურესი საშუალება მოკვლევის განხორციელებისთვის. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ჩაიწეროს, რომ დალუქვის/ამოღების უფლებამოსილება შრომის ინსპექტორს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის გარეშე შეუძლებელია მოკვლევის განხორციელება.
11. კანონპროექტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია, კონფიდენციალობის პირობის დაცვით, შრომის ინსპექციის სამსახურში დაიბაროს და გამოკითხოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი.
ვფიქრობთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურში ამა თუ იმ პირების დაბარება და მათი გამოკითხვა წარმოადგენს არაპროპორციულ და შეუსაბამო ღონისძიებას კანონპროექტით შრომის ინსპექციისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებთან მიმართებით.
12. კანონპროექტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექტორი, რომელმაც ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე თავისთან დროებით დააკავა/დალუქა მასალა, დოკუმენტი ან ნივთი, ვალდებულია აღნიშნული მასალის, დოკუმენტის ან ნივთის მფლობელს მისცეს ასლის ან ფოტოს გადაღების შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნულის განხორციელება არ არის პრაქტიკული მნიშვნელობის.
კანონი არ ადგენს დალუქული/ამოღებული დოკუმენტის ნივთის, ნივთიერებისა თუ მასალის უკან დაბრუნების ვადებს. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ დალუქული/ამოღებული საგნების მესაკუთრემ/მფლობელმა იცოდეს იმ მაქსიმალური ვადის შესახებ, რომლის გასვლის შემდეგაც მას დალუქული/ამოღებული საგნები უპირობოდ უკან დაუბრუნდება.
13. კანონპროექტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი დაწესებულება, ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია, შრომის ინსპექციის სამსახურს მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიაწოდოს დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე ან არაუგვინეს 10 სამუშაო დღისა.
ვფიქრობთ, რომ 10 სამუშაო დღე ინფორმაციის მიწოდებისთვის შესაძლოა ხშირ შემთხვევებში არასაკმარისი იყოს, რადგან დამსაქმებელს მისაწოდებელი ინფორმაცია მოსაძიებელი და დასამუშავებელი ჰქონდეს საჯარო დაწესებულებიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილია არაუგვიანეს 10 (კალენდარული) დღე. შესაბამისად, შესაძლოა ვერ მოესწროს 10 სამუშაო დღეში ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
14. კანონპროექტის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით:
შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექცია სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში განსაზღვროს როდის და რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული ან/და რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული.
მიგვაჩნია, რომ შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება ერთმნიშვნელოვნად გაუმართლებელია.
ვფიქრობთ, რომ ბიზნესის განვითარების მიზნით (განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის) ისევე როგორც ეს ბევრ სხვა საკანონმდებლო აქტშია, აქაც აუცილებელია შრომის კოდექსისა და უსაფრთხოების შესახებ კანონის ფარგლებში განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების გამოყენებისას შრომის ინსპექციას ჰქონდეს არა დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ სახდელები განისაზღვროს დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის მიხედვით. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროსაც მიზანშეწონილია დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება.