საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა პირველი საერთაშორისო ონლაინ ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების მნიშვნელობა, როგორც არსებულ მექანიზმებზე სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების უზრუნველყოფის წინაპირობა.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა საზოგადოებაში მედიაციის ინსტიტუტის შესახებ ცნობიერების ამაღლების და პროცესში ბიზნეს სექტორის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას.
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელმაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (PROLoG) ფარგლებში დააფინანსა აღნიშნული ფორუმი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.