საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია   „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“

 

საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთს და უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ

ირაკლი ლექვინაძე: პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ

ბიზნესომბუდსმენის  აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს  (CiDA)  ორგანიზებით,  შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“,  მასპინძლობს.

კონფერენციის მიზანია   ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიურ საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ,  მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ანტონ ნიმაკმა   და  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინა მახლმა გახსნეს.

პანელზე - „ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის საპატიო სტუმრებმა პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენმა ადამ აბრამოვიჩმა, უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ტატიანა კოროტკამ, ალბანეთის მეწარმეთა დაცვის სახელმწიფო მინისტრმა ედუარდ შალსმა, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენმა ბოლატ პალიმბეტოვმა, უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა და ყირგიზეთის ბიზნესომბუდმსენმა რობინ ორდ-სმიტმა.

კონფერენციის ფარგლებში  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - პოლონეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენის აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების მიხედვით,  ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი  საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ორგანიზატორია.  ჩვენი მოწვევით საქართველოში იმყოფებიან ბიზნესომბუდსმენები ექვსი ქვეყნიდან. აღნიშნული კონფერენციის  ორგანიზება, კოლეგა ინსტიტუტების წარმომადგენლების მოწვევა და მემორანდუმის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის დანერგვა  ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიებისთვის ორი მიმართულებით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს ორგანიზაციები ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაა შექმნილი, მათ შორის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ამიტომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათი გამოცდილება ინვესტიციების  შენარჩუნებისა და ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმების საკითხებში. მეორეს მხრივ ეს არის უცხოურ ბაზრებზე ქართული კომპანიების დაცვის ახალი ბერკეტები. პარტნიორ ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობით უცხოურ ბაზრებზე ქართულ კომპანიებს გავაძლიერებთ.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

„ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კავშირის დამყარება არა მხოლოდ ამდიდრებს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, არამედ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დადგენასაც უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით,  ბიზნეს სუბიექტების უფლებებისა და ინტერესების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმეებისთვის. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა მეწარმეთა დაცვის სფეროში გამოცდილების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უზბეკეთისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმომადგენლების დაცვას ნეგატიური გავლენებისგან მათ მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში„ - განაცხადა უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს,  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  (OECD) დელეგაცია ეწვია.  კონფერეცნაიაში ასევე, მონაწილეობენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს  (CiDA) და  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი“  და მედია სააგენტო „კლიპარტი.“