პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტუმარ მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტუმარ მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა.

პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრის მთავარი მიზანი ტურისტული ინდუსტრიის, რესტორნებისა და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის იმ კრიტერიუმების და ლოგიკის გაცნობა იყო, რის მიხედვითაც საკოორდინაციო საბჭოზე ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.