საბჭოს წევრებმა საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმა განიხილეს. სასამართლო რეფორმის რამდენიმე ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, რომელიც სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების ინსტიტუციურ განვითარებას ემსახურება, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს.
რეფორმა კომერციული დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება იქნება.