ირაკლი ლექვინაძე: აჭარიდან კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს
„2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 20% აჭარიდანაა და კომპანიების უმრავლესობა მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორიდან მოგვმართავს“ - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში ადგილობრივი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თბილისის შემდეგ ბიზნესი მხარდაჭერისთვის ყველაზე ხშირად აჭარიდან მოგვმართავს და უმრვალეს შემთხვევებში ბათუმის მერიასთან შუამდგომლობას გვთხოვენ. სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარაშიც ბიზნეს გარემოს გამოწვევად რჩება ბიუროკრატია ადგილობრივ თვითმმართველობებში.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, მთავარი რასაც ბიზნესი რეგიონებში ითხოვს ეს არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება.
„თბილისის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე აქტიური რეგიონი აჭარაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხდებოდეს ბიზნესს და მთავრობას შორის კომუნიკაცია და იმ საკითხების ეფექტურ ვადებში გადაწყვეტა, რომლებსაც კერძო სექტორი დღეს რეგიონში ბიზნესის კეთების პროცესში აწყდება“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
აჭარაში ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი 2018 წლის სექტემბრიდან გაიხსნა და ამ პერიოდში აჭარიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 60-მდე საქმეზე იმუშავა.