საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია მხარეებმა, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობის, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით.
„ბიზნესომბუდსმენის ოფისს და კონკურენციის სააგენტოს აქვს ერთობლივად თანამშრომლობისა და საკითხების გადაწყვეტის კარგი გამოცდილება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო საბანკო გარანტიების თემა, როდესაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესყიდვების განხორციელებისას ხდებოდა დიფერენცირება საბანკო და სადაზღვევო გარანტიებს შორის, და ჩვენი დასკვნისა და ერთობლივი შეფასების საფუძველზე, აღნიშნული იქნა განხილული, როგორც ერთნაირი პროდუქტი. შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უკვე დაეგზავნათ რეკომენდაცია, რომ არ მოახდინონ ამ ორი პროდუქტის დიფერენციაცია. ასევე, როდესაც ჩვენ მოგვმართავენ ფაქტებით, რომლებიც უკავშირდება არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ან მსგავსი ტიპის მოქმედებებს, ჩვენ ამ საკითხებს ვიხილავთ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად და ეს მემორანდუმიც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა.“-განაცხადა ბიზნესომბუდსენმა.
მემორანდუმით მხარეები ადასტურებენ თანამშრომლობას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და ბაზარზე თავისუფალი და სამართლიანი სავაჭრო პრინციპების უზრუნველყოფის მიმართულებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივად შეიმუშავებენ წინადადებებს საქართველოს კანონმდებლობაში არსებული იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც შესაძლოა ზღუდავდეს თავისუფალ კონკურენციას და აფერხებდეს პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.