ბიზნესომბუდსმენმა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე ბიზნესის კეთილსინდისიერების ამაღლების შესახებ გააკეთა პრეზნეტაცია

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-16 სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს, თუ როგორ შესრულდა 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. ასევე, იმსჯელეს ახალი, 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.

სხდომაზე ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესის კეთილსინდისიერების ამაღლების შესახებ გააკეთა პრეზნეტაცია და ბიზნესის კეთილსინდისიერების ამაღლებისათვის ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიმდინარე აქტივობებზე ისაუბრა. ბიზნესომბუდსმენის აპარატში ამოქმედდა ბიზნესთან კომუნიკაციის ონლაინ პლატფორმა Portal.businessombudsman.ge. ასევე, ბიზნესის კეთილსინდისიერების შესახებ რეგულარული შეხვედრები იმართებოდა კერძო და საჯარო სექტორებთან. ირაკლი ლექვინაძემ ხაზი გაუსვა ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების და ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გამჭვირვალე ურთიერთობის მნიშვნელობას. 2019წლისათვის ბიზნესომბუდსმენის აპარატს დაგეგმილი აქვს კონკრეტული პროექტები ბიზნესის კეთილსინდისიერიბის პოლიტიკის წარმართვაში ბიზნესომბუდსმენის როლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით. მათ შორის, ბიზნეს და საჯარო სექტორებს შორის ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგ მოდულის შემუშავება, ბიზნესის უფლებების დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და ბიზნესის კეთების პროცესში გენდერულ პრობლემებზე მუშაობა.

საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართული იყო კორუფციის პრევენციისა და მისი კრიმინალიზაციისკენ. უწყებების წარმომადგენლებმა მიღწეულ შედეგებთან ერთად ყურადღება გაამახვილეს საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ. საბჭოს დღევანდელი სხდომის ფარგლებში განიხილეს „ღია მმართველობა – საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს დამტკიცდა.

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომას სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, სასამართლოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა „USAID“-ის მხარდაჭერით გაიმართა.

მიმაგრებული სურათები