ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს.
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებელობის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც გროვდება ინფორმაცია კომპანიების მხრიდან კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლაში გამოყოფილი რესურსების შესახებ. კერძო სექტორთან კოორდინაციის შედეგად კი - აღნიშნული რესურსები ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
შეხვედრაზე კომპანიებმა „აი გრუპმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „JTI კავკასიამ“, „IDS ბორჯომი საქართველომ“ და სუპერმაკეტების ქსელმა „მაგნიტმა“ გამოხატეს მზადყოფნა ჩაერთონ კოვიდ-19 ვირუსის წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.
კომპანიები „აი გრუპი“, „JTI კავკასია“ და „IDS ბორჯომი საქართველო“ საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგენებითა და მედიკამენტებით სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.
მიხეილ დაუშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ საჭრიეობებზე ისაუბრა, რაზეც შესაძლოა StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები გაიხარჯოს.
„დღეს გქვონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენელთან. აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან StopCoV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში უკვე ჩაერთნენ კომპანია „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“.