ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრაიკეველდტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიხედვით მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნეს გარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად  გაცვლიან ინფორმაციას.

„ჩვენი აპარატი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ  სხვადასხვა ბიზნეს და ეკონომიკურ გაერთიანებებთან და მუდმივ რეჟიმში ვცვლით მათთან ინფორმაციას. გასულ წელს  ხუთ ბიზნეს გაერთიანებასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რითიც ოფიციალური სახე მივეცით ორ მხრივ თანამშრომლობას. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან და შევთანხმდით თანამშრომლობის ძირითად პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე. ასოციაცია რეგულარულად  მოგვაწოდებს მათი წევრი კომპანიების  ბიზნეს საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციას და აპარატი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება მათ მხარდასაჭერად“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღესვე  ირაკლი ლექვინაძემ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბიზნეს გარემოს მიმართულებით არსებულ კრიტიკულ საკითხებზე და იმ მექანიზმებზე, რომელითაც საჭიროების შემთხვევაში  ბიზნესომბუდსმენი კომპანიებს მხარს დაუჭერს.