ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვეში 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა
ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვეში 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა და საქმეების 68%ში უწყებებმა აპარტის პოზიციები ნაწილობრივ ან სრულად გაითვალისწინეს.
აპარატის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის ოფისში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 249 მომართვა დაფიქსირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა.
ამ პერიოდში ბიზნესომბუდსმენის აპარტის მიერ გაგზავნილ დასკვნებს შორისაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ბიზნესომბუდსმენის მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამეტნმა ნაწილობრივ გაიზიარა და შედეგად „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში და საგადასახადო კოდექსში ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა დაჭრილი თამბაქოს აქციზით დაბეგვრასთან, აქციზის გათანაბრებასთან და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნა ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები ვირტუალური კენოს თამაშობის მოწყობასთან და სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არარეზიდენტ კომპანიებზე საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის ოპერაციის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების შესახებ. ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვან წილად გაითვალისწინა და რეგლამენტის პროექტში ასახა ბიზნესომბუდსმენის შენიშვნები - „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, თუმცა მაინც რჩება რიგი სადისკუსიო საკითხები, რომლებზეც კონსულტაციები გრძელდება.
ამასთან, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ კანონ პროექტზე მუშაობაში, რომელიც ბიზნესს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ახალ წესებს უწესებს.
აპარატის ცნობით, ბიზნესთან ერთად და მთავრობასთან კონსულტაციებით, გრძელდება განხილვები შრომითი უფლებების რეორგანიზაციისა და შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმირების მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“, „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონ პროექტებსა და სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის მიზნით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინციატივებზე. ასევე, აქტუალურია მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების დანერგვის საკითხი, რომელიც ბიზნეს სექტორთან აქტიური განხილვის რეჟიმშია. ამასთან, ბიზნესომბუდსმენს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი აქვს საგადასახადო კოდექსის დახვეწისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიამრთულებით ბიზნესთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მიწოდებისას ფიზიკური/იურიდიული პირების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასის, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ და აქციზური საქონლის (ბიოდიზელი) საწარმოებლად გამოყენებულ აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლის შესახებ, მიუხედავად იმისა თუ ვინ განახორციელებს მის იმპორტს. პარლამენტში ინიცირებულ ვერსიაში უკვე ასახულია ბიზნესომბუდსმენის დასკვნა ბაზრობის ტერიტორიაზე საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევაზე. ამას გარდა, გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ასევე, დღის წესრიგში დგას და დამუშავების პროცესშია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრომობილების სათადარიგო ნაწილების და თანმდევი სერვისის დღგ–სგან გათავისუფლების საკითხები.
ბიზნესომბუდსმენის ცნობით, აპარატი აგრძელებს მუშაობას საბანკო რეგულაციებისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის კერძო სექტორზე გავლენების შეფასების მიმართულებით.