ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკა

 

  • 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 171 საქმე დარეგისტრირდა
  • მომართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობისსფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება
  • მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში დარეგისტრირებული საქმეების 60% თბილისიდანაა (100 განცხადება),  შემდეგ მოდის აჭარა 29 განცხადებით, 20%
  • ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.  კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და  მომართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
  • მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის  ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა (სულ 90) და ამ პერიოდში დასრულებული საქმეების 78%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს.
  • 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმე განიხილეს და 90%ში (14 საქმე)   ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 29 განცხადება დარეგისტრირდა. მომართვიანობის 30% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებიდანაა და ბიზნესი  ხშირად ბიზნესომბუდსმენის აპარატს ბათუმის მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.

გაგზავნილ შუამდგომლობებს, რეკომენდაციებს და სამართლებრივ დასკვნებს შორისაა:

 

  • საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის დასკვნა  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით და შედეგად  ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდება დღგ-ს დაბეგვრის არეალში. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება 2011 წლის 23 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც.
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაგზავნილი შენიშვნები „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ: საქართველოს პარლამენტმა რიგ შემთხვევებში გაიზიარა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია  და  შედეგად, დაიხვეწა საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებით შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება) სასარგებლოდ, თუ უზრუნველყოფა არ ხორციელდება საკუთრების გადასვლის პირობით.
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გაგზავნილი შენიშვნები „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.  საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულ იქნა ბიზნესომბუდსმენის აპარატის რიგი შენიშვნები.
  • „ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის  დასკვნა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული და შედეგად ტექნიკურ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტში აისახა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიაზე  პლასტიკის ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება რეალიზაცია.

 

ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის ანალიზის  მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით  გამოიკვეთა შემდეგი კრიტიკული საკითხები

 

  • ბიზნეს გარემოზე გავლენას ახდენს ბოლო პერიოდის მოვლენების შედეგად საქართველოდან გარკვეული საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნის შეზღუდვა/აკრძალვასთან დაკავშირებული რისკები. კერძოდ, შეჩერდა საჰაერო მიმოსვლა და დღის წესრიგში დადგა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანის და რუსეთიდან ფულადი გზავნილების შეზღუდვის საკითხი. საჰაერო მიმოსვლის და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე, ეს გავლენა შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში შესამჩნევი იქნება. შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე, შესაბამისად კურსის მერყეობა აღნიშნული შიდა ფაქტორების გავლენით კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც  დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხით არსებულ თუ მოსალოდნელ აკრძალვებს ადგილობრივ ბაზარზე ექნება მოკლევადიანი გავლენა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დანაკარგების კომპენსირება შესაძლებელია.
  • აქტუალურ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე.
  • მნიშვნელოვანია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების საქმიანობაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა, კომპანიების შეფასებით მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40% არის შემცირებული. ღიად რჩება საკითხი, დაჭრილი თამბაქოს დაბეგვრის, აქციზის გათანაბრების და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებით.
  • ე.წ „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგად კომპანიებისთვის საბაჟო პუნქტებში შექმნილი პრობლემები. აღნიშნულის შესახებ ბიზნესი ინფორმირებული არ ყოფილა და „ოქროს სიის“ 217 კომპანია მოუმზადებელი შეხვდა  ცვლილებას. მცირე ბიზნესისთვის აქტუალური საკითხია საქონლის წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში გადასახდელებზე საშეღავათო ვადების გაუქმება და საბაჟოზე ტვირთების ყვითელი დერეფანში მოხვედრის გახშირებული შემთხვევები.
  • ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის შეზღუდვის/აკრძალვის კანონპროექტთან დაკავშირებით; ნატურალური რძის დღგ-თი დაბეგვრის; ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მიწოდებისას ფიზიკური/იურიდიული პირების    მოგების გადასახადისგან გათავისუფლებისა და   სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასის, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ საკითხზე. (თუ დამქირავებლის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება).
  • ასევე მომზადებულია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ 2019  წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად,  გადახდილი მოგების გადასახადი. პრობლემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სესხის გამცემი სუბიექტები ახალი რეგულაციის შესაბამისად გარდაიქმნენ საფინანსო ინსტიტუტებად და დაექვემდებარნენ ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას.
  • შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები სამშენებლო სექტორს დამატებით ვალდებულებებს უწესებს, შესაბამისად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან“ ერთად ვმუშაობთ, რომ  სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესყიდვის განხორციელებისას საპროექტო დოკუმენტაციით გაიწეროს უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ოდენობა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში   განცალკევებულად აისახოს.

 

ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები

 

  • ძალაში შევიდა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება და ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილი გახდა  საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავებშიც შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია. სასმართლოს მეგობრის ფუნქციის განვრცობა საერთო სასამართლოების სისტემაში  საშუალებას გვაძლევს ბიზნესომბუდსმენის დასკვნის დახმარებით გავაძლიეროთ ბიზნესის პოზიციები სახელმწიფო უწყებებთან სასამართლო დავებში.

 

  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურადაა ჩართული შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე სახელმწიფოსა და სამშენებლო სექტორს შორის კომუნიკაციაში. აღნიშნულ საკითხზე   გაიმართა არაერთი შეხვედრა და ვორკშოპი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი მთავრობების მონაწილეობითა და კერძო სექტორის ჩართულობით.
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ბიზნესომბუდსმენის აპარატმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, ასევე ,,მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების შესახებ’’კანონის პროექტის ბიზნესთან განხილვები დაიწყეს.
  • ადგილობრივ ხელისუფლებებსა და ბიზნეს სექტორს შორის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით რეგიონული ბიზნეს ფორუმები გაიმართა წყალტუბოში, თელავსა და თბილისში.
  • ბიზნესომბუდსმენის აპარატმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია ჩაატარეს. ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ფოთში, ახალციხესა და თელავში.
  • ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან და ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

საერთაშორისო თანამშრომლობა

 

  • ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს საერთაშორისო მიმართულებით კოლეგა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უკრაინის, უზბეკეთისდა ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენის ოფისებთან.
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო ინვესტიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ მსოფლიო ბანკის და ევროკომისიის ერთობლივ ღონისძიებაში, მალაიზიაში ქ კუალა ლუმპურში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაინერგა ბიზნესომბუდსმენის ელექტრონული პორტალი. მონაწილე სხვადსხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაცნობილი იქნა ამ მიმართულებით ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაგროვილი გამოცდილება.
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში იღებს ლიდერის როლს ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით. საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ანტი-კორუფციული და კეთილსინდისიერების კვირეულის ფარგლებში, პარიზში OECD - ის სათაო ოფისში, პარიზში  მონაწილეობა მიიღო კეთილსინდისიერების მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სესიებში, სადაც სამუშაო ფორმატში გაეცნო აღმოსავლეთ აზიისა და ცენტრალური ევროპის  ქვეყნების გამოცდილებას ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით.