ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს ექსპორტში/ტრანზიტში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებები არცერთ ეტაპზე არ მოხვდეს დღგ-ს დაბეგვრის არეალში

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/291/9), რომელიც მიღებულ იქნა პირველი მოსმენით.

თქვენი ყურადღება გვინდა მივაქციოთ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების იმ ნაწილს, რომლითაც ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ხსენებულ ნორმას ემატა ჩანაწერი - „ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით“).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წარმოებაში აქვს გადამზიდავი კომპანიების საჩივრები, რომელთა მიხედვითაც დავის საგანს წარმოადგენს ტრანზიტში/ექსპორტში მოქცეული საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.

საგადასახადო ორგანომ მოცემულ ოპერაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა არ მიიჩნია გათავისუფლებულ ოპერაციად და შესაბამისად დაბეგრა დღგ-ით.

საგადასახადო ორგანოს შეფასებით, საქონლის ტრანზიტში დეკლარირება (აღრიცხვის მოწმობის გაცემა) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაში მისი ჩატვირთვის შემდგომ. შესაბამისად, სადავო ხდება ტრანზიტულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული იმ მომსახურების დღგ-საგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა საქონლის ტრანზიტში მოქცევამდე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს შეფასებას და მიგვაჩნია, რომ ტრანზიტის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდება საბაჟო კონტროლის ქვეშ, უნდა ჩაითვალოს, რომ საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე (გადმოტვირთვა, ჩატვირთვა და ა.შ.) განკუთვნილია ტრანზიტისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაიცემა აღრიცხვის მოწმობა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ უდავოდ მისასალმებელი ფაქტია საქართველოს საგადასახადო კოდექსში იმ ხასიათის ცვლილების შეტანა, რაც საშუალებას მისცემს საგადასახადო ორგანოს არ მოახდინოს ტრანზიტში/ექსპორტში მოქცეული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა და კომპანიებისთვის თანხების დამატებით დარიცხვა.

ამასთან, რამდენადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ამოქმედდა 2011 წლის 23 ნოემბრიდან (საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის №5202–IIს კანონი), შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებაც გავრცელდეს ამავე პერიოდიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც, რათა იგი შეეხოს დავის რეჟიმში მყოფ კომპანიებსაც.

ამდენად, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას საკითხის დადებითად გადაწყვეტაში. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ საკითხის შემდგომ განხილვაში.