ბიზნესომბუდსმენი მიმართავს მთავრობას კონსულტაციების გამართვამდე „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის შენარჩუნდეს არსებული მოცემულობა

„ეს არის ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნა კომუნიკაციაში ბიზნესთან“ - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის  №162 ბრძანებას კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების შესახებ.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებს კუთვნილ საქონელზე   იმპორტის გადასახდელების გადახდა აქამდე მოქმედი 30-დღიანი ვადის ნაცვლად 5 დღეში მოუწევთ.

ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).

„იმპორტის გადასახდელების გადახდის 30 დღიანი ვადით ე.წ ოქროს სიის მონაწილე 217 კომპანია სარგებლობდა და  ჩვენთვისაც და აღნიშნული კომპანიებისთვისაც 3 ივნისს ამოქმედებული ახალი წესი სრულიად მოულოდნელი იყო. აღნიშნულის შესახებ არცერთ ბიზნეს ასოციაციასთან არ ყოფილა კომუნიკაცია. ბრძანებას ხელი მოეწერა 31 მაისს, მაცნეში გამოქვეყნდა 3 ივნისს, ინფორმაცია გავრცელდა 5 ივნისს  და  217 კომპანია დადგა ფაქტის წინაშე, რომ არარეალურად მოკლე ვადაში შეცვალოს ფინანსური მოდელი, რაც შეუძლებელია.“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მისივე თქმით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე ვერ მიიღწევა.

„მსგავსი უცაბედი და ბიზნესთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების პირობებში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ სუბიექტებს არ აქვთ  სტაბილური განვითარების და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალება, რაც აზიანებს მოქმედ კომპანიებს „- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და  მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები ბიზნესთან და მანამდე, „ოქროს სიის“ მონაწილე სუბიექტებზე მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება.