საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ინიციატივით და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგნლებისათვის საჯარო და კერძო სექტორს შორის მედიაციის საკითხებზე ტრენინგი იმართება.
ტრენინგს გერმანელი ექსპერტი მაიკლ გროსი უძღვება. მაიკლ გროსს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის შორის მედიაციისა და ბიზნეს დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მიმართულებით. მას აქვს მონაწილეობა მიღებული 15 ათსამდე სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების პროცესში. მათ შორის არის გერმანიასა და ჩინეთს შორის სამოდელო სალიცენზიო შეთანხმების თანაავტორი. არის გერმანელ არბიტრთა გაერთიანების წევრი. ასევე, გერმანელ ადვოკატთა ასოციაციის გენერალური საბჭოს წევრი, სასამართლოების, ევროკომისიისა & კერძო მხარეების მიერ დანიშნული ექსპერტი.
ტრენინგში მონაწილეობენ, როგორც აღმასრულებელი ასევე, თვითმართველი მთავრობის იმ სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისში კერძო სექტორის მომართვიანობის სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად არიან კომპანიების მიერ შემოტანილ განაცხადებზე მოპასუხე უწყებები.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისი საერთაშორისო დონორ ოგრანიზაციებთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის მედიაცია უფრო ეფექტური გახდეს და გაიზარდოს მედიაციით დავების მოგვარების შესაძლებლობები. აღნიშნული ტრენინგიც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
ტრენინგს ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს, შემოსავლების სამსახურის, კონკურენციის სააგენტოს, თბილისის მერიის სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგნლები.
ტრენინგი ორ დღიანია და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.