საქართველოს ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სეზონურ და მაღალმთიან რეგიონებში არსებული კვებისა და ტურისტების განთავსების ობიექტებისათვის საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და გამარტივების თაობაზე
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაციის წინადადებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი სეზონურ და მაღალმთიან რეგიონებში არსებული კვებისა და ტურისტების განთავსების ობიექტების საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და გამარტივების თაობაზე. რეკომენდაციების მიზანია საქართველოში სეზონურ და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ტურისტული პოტენციალის ზრდა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სარეკომენდაციო პაკეტი სამ ძირითად საკითხს მოიცავს:
- დამქირავებლის მიერ დაქირავებულის განთავსების/დაბინავების და კვების უზრუნველყოფის დაბეგვრა;
- ფიზიკური პირის დაბეგვრა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის შემთხვევაში;
- ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა.
1. საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაციის განცხადებით, საქართველოს სეზონურ და მაღალმთიან რეგიონებში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტები განიცდიან ადგილობრივი პერსონალის ნაკლებობას. ზოგიერთ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად არ სახლობს. ობიექტების მესაკუთრეებს უხდებათ თანამშრომლების დაქირავება სხვა ქალაქებიდან, ობიექტზე მათი დაბინავება და კვებით უზრუნველყოფა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამდენად, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაქირავებულის საცხოვრებელი ადგილითა და კვებით უზრუნველყოფა კომპანიისთვის წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. ფედერაცია ითხოვს დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის აღნიშნული მომსახურების გაწევა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.
გასათვალისწინებელია, რომ მაღალმთიან რეგიონებში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა კვებისა და განთავსების ობიექტების არსებობაა, რაც დღეს ხელისუფლების პრიორიტეტული ამოცანაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში და დამქირავებლის მიერ დაქირავებულის განთავსების/დაბინავების და კვების უზრუნველყოფა არ იქნეს განხილული დაქირავებულის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და შესაბამისად, არ დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.
2. საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაციის განცხადებით, რეგიონული ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა რეგიონებში განთავსების ობიექტების არსებობა და ადგილობრვი მაცხოვრებლების მოტივირება, რომ კანონიერი გზით მოახდინონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცის ადაპტირება ტურიზმის სექტორში არსებულ მოთხოვნებთან.
დღეს ძალიან მოთხოვნადია ტურისტების მიერ სოფლად ისეთი სახლის მოკლე ვადით აღება, სადაც შესაძლებელი იქნება სოფლის ცხოვრების გაზიარება, ცხოველებთან/ფრინველებთან უშუალო კონტაქტი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უშუალო მონაწილეობა. ამდენად, საცხოვრებელი სახლის მოკლე ვადით გაცემასთან ერთად, ადგილობრივი მაცხოვრებელი ტურისტს უწევს დამატებით მომსახურებასაც. ფედერაცია ითხოვს საგადასახადო კოდექსით მსგავსი შემთხვევებისათვის შემოღებულ იქნეს გამარტივებული დაბეგვრის რეჟიმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.
ამასთან, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 108-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურება შეიძლება მოიცავდეს მომსახურების იმ სახეებს, რომლებიც ცალკე არ ანაზღაურდება და შედის საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემის მომსახურების ღირებულებაში.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 26-ე ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. თუმცა, სოფლის სახლების გაქირავებისთვის მოკლე ვადით გაცემული საცხოვრებლის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 10 ლარის დაწესება, ვფიქრობთ, მაღალი გადასახადია ამ ტიპის საქმიანობისთვის, რაც ამცირებს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით მოსარგებლე პირთა რაოდენობას.
სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში და ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის სახე გაიყოს 2 ნაწილად, გასაქირავებელი ოთახების რაოდენობის მიხედვით. კერძოდ:
ა) იმ პირებისათვის, რომელთაც გასაქირავებელი აქვთ არაუმეტეს 5 ოთახისა, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილული იქნეს სახლი და არა ოთახი და დაიბეგროს ერთიანი განაკვეთით და არა მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობის მიხედვით.
ბ) იმ პირებისათვის, რომელთაც გასაქირავებელი აქვთ 5-ზე მეტი ოთახი, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილული იქნეს ოთახი და დაიბეგროს მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობის მიხედვით.
3. საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაციის განცხადებით, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ზომის კვებისა თუ განთავსების ობიექტში, ჭურჭლის დაზიანების შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია შეინახოს დაზიანებული ჭურჭელი. დაზიანებული ჭურჭლის შენახვის შემდეგ, კომპანია ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის ვიზიტის შემდეგ ჩამოწეროს დაზიანებული ნივთები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ვინაიდან, ჩამოსაწერი ნივთების მოგროვებისა და შენახვის ვალდებულება გარკვეულწილად აფერხებს კვების ობიექტების (მათ შორის, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების) საქმიანობას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ცვლილება შევიდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაში და კვების ობიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს თვეში ერთხელ ელექტრონულად მიაწოდონ ინფორმაცია თვის მანძილზე დაზიანებული/განადგურებული იმ ნივთების შესახებ, რომელთა ერთეულის ღირებულება 50 ლარს არ აღემატება, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მათი ჩამოწერის დადასტურება მოხდეს პირდაპირ (ადგილზე გაუსვლელად), ელექტრონულად. ამასთან, ასეთი ობიექტები გათავისუფლდნენ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩამოწერის დადასტურებამდე დაზიანებული/განადგურებული ნივთების შენახვის ვალდებულებისაგან.