ბიზნესომბუდსმენი თელავში ადგოლობრივი ბიზნესის 100მდე წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს (ბია) წარმომადგენლებთან ერთად, თელავში 100მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა.

ბიზნესომბუდსმენმა რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.  შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა  პრობლემური საკითხების შესახებ  დასვეს კითხვები.

„ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში შეხვედრებს და  დღეს კახეთის რეგიონის მეწარმეებს შევხვდით.  კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლითაც შეგვიძლია მათ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.  გვქონდა საკმაოდ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი. მეწარმეებმა ისაუბრეს ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე.  საკითხების წრე იყო  მრავალფეროვანი. ყველა რეგიონში და მათ შორის კახეთშიც აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა.  ასევე, გამოიყო ისეთი თემები, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან აქტიურ ჩართულობას  მოითხოვს. შეხვედრაზე დასმული საკითხების ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე  სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ

ამავე შეხვედრაზე “ბიას” გუნდმა კახეთის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები და კახეთის რეგიონის სტატისტიკა წარუდგინა. 

ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით,  ირაკლი  ლექვინაძე მეწარმეებს უკვე შეხვდა გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმში.

მიმაგრებული სურათები