ბიზნესომბუდსმენი: RMG-ის წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიების აქტივობა საინვესტიციო გარემოზე პოზიტიურად არ მოქმედებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია RMG-ის წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიების გამოსვლას უპასუხისმგებლოს უწოდებს და განმარტავს, რომ მსგავსი ქმედებები საინვესტიციო გარემოზე პოზიტიურად არ აისახება.

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიების მოქმედება კონკრეტული კომპანიების კანონიერი საქმიანობის წინააღმდეგ ხელს უშლის ბიზნესის წარმოების პროცესს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია RMG-ი არის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი და ექსპორტიორი.

ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების ასეთი ქმედება არის ხელშემშლელი ფაქტორი კომპანიის საქმიანობის განხორციელებაში. მსგავსი ფაქტები ზოგადად ცუდად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე, რადგან ამ პროცესებს უყურებენ სხვა ინვესტორებიც“, – განმარტავს ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენი ასევე ეხმიანება გარკვეული ჯგუფების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებულ შემთხვევებს საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ.

“ჩვენს წუხილს იწვევს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული შემთხვევები საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ, როდესაც ინვესტორებს არ ეძლევა კანონიერი საქმიანობის უფლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – მათ შორის სვანეთში, აჭარაში, გურიასა და კახეთში. პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ისმის საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებებები კერძო საკუთრების ხელყოფის მუქარებით. ვფიქრობ, მსგავსი მოქმედებები საჭიროებს მეტ პასუხისმგებლობას პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რადგან რეგიონის განვითარება, აღნიშნულ პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ასევე ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში სწორედ მსგავსი ტიპის ბიზნეს აქტოვობებით არის შესაძლებელი”, – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.