საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „Welcome Challenge” პროექტის წარდგენას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც თბილისში მიმდინარე წლის ოქტომბერში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიება გაიმართება.
ფორუმი თავს უყრის ამ დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.
პირველი „Welcome Challenge” გაიმართება თბილისში, მიმდინარე წლის 24-26 ოქტომბერს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მასპინძლობის ინდუსტრიის მსოფლიოს საუკეთესო 30-მდე სტარტაპი, რომელთა მოღვაწეობა ფარავს ამ ინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ და ასევე არატექნოლოგიურ ფართო სპექტრს.