შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილეები ლევან კალანდაძე და გურამ გიორგაძე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ,   გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები. ასევე,  საქართველოში საელჩოების ეკონომიკური მიმართულებების წარმომადგენლები.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებით შემუშავებულ  ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ბიზნესომბუდსმენი იღებს ლიდერის როლს ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით.

შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ სტუმრებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით აპარატის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით ბიზნესომბუდსმენის როლისა და ინსტიტუტის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ანტი-კორუფციულ და ბიზნესის კეთილსინდისიერებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი კამპანიების ორგანიზების მნიშვნელობას და დონორების როლს  საქართველოში ეროვნულ ანტი-კორუფციულ სამოქმედო გეგმაში ჩართულ  უწყებებსა და  მსოფლიოში ანტიკორუფციული ქსელის წევრ სხვა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაში.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენმა საელჩოების წარმომადგენლებს თხოვა მხარდაჭერა  სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელ უწყებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის და ორმხრივი ურთიერთობების დასამყარებლად, რათა ქვეყანათა შორის ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ხელშეწყობა და ინფორმაციაზე წვდომა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

მხარეებმა ისაუბრეს კერძო სექტორის მხრიდან, შემდგომში საჯარო და კერძო სექტორებისთვის წარდგენის მიზნით, ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაზე რეგულირების გავლენის შეფასებას (RIA) ჩატარების ერთობლივ შესაძლებლობებზე.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის,  საერთაშორისო  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს. სამუშაო შეხვედრებს პერიოდული ხასიათი აქვს და  შეხვედრებზე  მხარეები  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესაძლებლობებსა   და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.