ბიზნესომბუდსმენმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყეს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორცილდება, დღეს ქუთაისში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ახალი ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია/არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელის შეწყობას ემსახურება.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელი დავით ედილაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელმა დავით ედილაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც - ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე უპირატესობებზე ისაუბრეს.
ამასთან, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ და ისაუბრა აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.
„რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება კერძო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კომუნიკაციის ხარისხი. აუცილებელია ამ მიმართულებით დიალოგის გაუმჯობესება და ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ტემპების დაჩქარება. ჩვენი აპარატი მზად არის იყოს მედიატორი თითოეულ მეწარმესა და სახელმწიფო უწყებებს შორის და ხელი შეუწყოს მხარეებს შორის კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას და არსებული პრობლემების მედიაციის გზით გადაწყვეტას.“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ქუთაისის შემდეგ, მედიაცასა და არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრები ფოთში, ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი.
შეხვედრები ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი რეგიონულ ბიზნეს წრეებში მედიაციასა და არბიტრაჟზე, როგორც - ბიზნეს დავების ეფექტიანი მოგვარების გზებზე ცნობიერების ამაღლებაა.