საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ბიზნესომბუდსმენების ოფისების გაძლიერების პროექტში ერთვება

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ბიზნესომბუდსმენების ოფისების გაძლიერების პროექტში ერთვება.

პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - ,,ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტები აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში: ახალი ტენდენციების გამოკვეთა და კარგი პრაქტიკის განვითარება“ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ მიიღო მონაწილეობა.

ვებინარში ასევე, მონაწილეობდნენ პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნების ბიზნესომბუდსმენები, მათ შორის: პოლონეთის, ალბანეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის.

დისკუსიის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიის ქვეყნების ბიზნესომბუდსმენებმა ისაუბრეს მათ ქვეყნებში არსებული ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტების მოდელებზე. გაცვალეს ინფორმაცია დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ. იმსჯელეს ერთობლივი თანამშრომლობით ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ნონო კვეტენაძემ კოლეგებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის სტრუქტურისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პროექტის ფარგლებში მომდევნო ვებინარი 2021 წლის იანვარშია დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ გამართული ვებინარი კარგი შესაძლებლობაა ბიზნესომბუდსმენების ინსტიტუტებს შორის გასულ წელს თბილისში დაწყებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მოწვევით თბილისს ალბანეთის, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობდნენ და მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, რომლის ფარგლებშიც საქართველო - პოლონეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენის აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა და საფუძველი ჩაეყარა ინსტიტუტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას.