საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. აღნიშნულ პროცესში ჩართულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიც.
ვიზიარებთ დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორთა სულისკვეთებას და ვთვლით, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი საკითხი რომელსაც შემოთავაზებული წინადადებები შეიცავს დამატებით გააზრებას საჭიროებს, ვინაიდან მათი პრაქტიკაში რეალიზებისთვის არც მაკონტროლებელი ორგანო (შრომის ინსპექცია) და არც ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის და საკითხის ფორსირება მხოლოდ დააზიანებს აღნიშნული კანონით მოწესრიგებული ურთიერთობების სუბიექტთა ინტერესებს.
დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს:
- ფართოვდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების არეალი და ნაცვლად მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა, რომლის ნუსხაც მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით, იგი ეკონომიკის ყველა დარგზე გავრცელდება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის 27 ივლისის მთავრობის N381 დადგენილებით დამტკიცებული სამუშაოების ჩამონათვალი იმდენად ფართოა, რომ იგი პრაქტიკულად წარმოებისა და მომსახურების ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს შეიცავს. ყველა სხვა დანარჩენ სამუშაოებზე ამ კანონის მოქმედების გავრცელების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს და ამ ეტაპზე კანონის გავრცელების არეალის გაფართოება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
- შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) უფლებამოსილება ფართოვდება და მას ემატება სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დაცვის კონტროლი.
კერძო სამართლის სუბიექტებში შრომით ურთიერობას აქვს კერძოსამართლებრივი ხასიათი, რომელზეც ვრცელდება სასამართლო კონტროლის მექანიზმი. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანო ერეოდეს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომით ურთიერთობაში. ასეთი რეგულაციის შემოღებამ შესაძლოა წაახალისოს დასაქმებულთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც გაუმართლებელ ტვირთად დააწვება ბიზნესსუბიექტებს.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე, სახელმწიფო უწყებათა მთავარ საზრუნავს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე პრევენციაზე ორიენტირებული რისკების მართვის ეფექტიანი სისტემების დანერგვა უნდა წარმოადგენდეს და არა უფლებრივი დავების გადაწყვეტის ადმინისტრაციული მექანიზმების შექმნა.
ასევე, აუცილებელია სათანადო ყურადღება მიექცეს სასამართლოში შრომითი დავების განხილვისა და გადაწყვეტის ვადების დაცვის საკითხს, რისთვისაც საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში ცალკე კოლეგიის/სპეციალიზაციის შექმნაც კი შეიძლება იყოს გამოსავალი.
- შრომის პირობების მაკონტროლებელ ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შემოწმების მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება:
ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;
გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში მეწარმის შემოწმება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით არის შესაძლებელი. საქართველოს კანონმდებლობით, მეწარმის შემოწმება სასამართლოს წინასწარ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას (შემდგომი სასამართლოს კონტროლის პირობით), თუკი მაკონტროლებელი ორგანო შემოწმების დაწყების გადაუდებელ აუცილებლობას დაასაბუთებს.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოსთვის (შრომის ინსპექციისთვის) მეწარმის შემოწმების უფლებამოსილების მინიჭების არც სამართლებრივი საჭიროება და არც ფაქტობრივი აუცილებლობა არ არსებობს.
- სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული აღსრულებისა და იმპლემენტაციისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
იმ პირობებში, როდესაც ბოლო პერიოდში გაცხადებულია და წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, ყოვლად გაუგებარია ახალი დელიქტის შემოტანა ამ სფეროში, მით უფრო მაშინ, როდესაც არც ერთ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს „დაცვის“ ამგვარი მექანიზმები.
ასე მაგალითად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. ხოლო ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2 000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, განსახილველი შემთხვევებისთვის შესაძლებელია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოტანა, ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იძულება, ძალადობა და მუქარა უკვე არის კრიმინალიზებული საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირის მიმართ ისედაც დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და შეფასებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას.