საქართველოს ბიზნესომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს და ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების  შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში 23-ე მუხლის მე-7 ნაწილში ცვლილების შეტანის თხოვნით მიმართავს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით  (რეგ. N07-2/291/9) გათვალისწინებულ ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით.

საკითხი ეხება აღნიშნული კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი. კერძოდ, უქმდება დებულებები, რომელიც ფინანსური ინსტიტუტისთვის ითვალისწინებდა საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და ამ სტატუსის მქონე პირისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებას და აწესებს მასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და საგადასახადო შეღავათებს.

აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება საერთაშორისო კომპანიიდან  დაქირავებით საქმიანობის შედეგად მიღებული უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის შემოსავალი, რომელიც არ არის ამ უცხო ქვეყნის რეზიდენტი და   საქართველოს რეზიდენტია.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს რეზიდენტობის ცნობის წარდგენის გარდა მოუწევს წარადგინოს არარეზიდენტობის ცნობა იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის ეს პირი. ასეთი ცნობის მოთხოვნა კი, ხშირ შემთხვევაში გაართულებს/შეუძლებელს გახდის ნორმის გამოყენებას, ვინაიდან, ბევრ ქვეყანაში ან საერთოდ არ გაიცემა მსგავსი ცნობა, ან მისი აღება მოითხოვს დროის დიდ შუალედს.

ასოციაციის განმარტებით, საგადასახადო შეღავათის გავრცელების მთავარი განმსაზღვრელი  ფაქტორი უნდა იყოს ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საგადასახადო მიზნებისთვის წარმოადგენდეს საქართველოს რეზიდენტს და ის ფაქტი, რომ პირი იმავდროულად მოქალაქეობის ქვეყნის რეზიდენტიცაა არ უნდა ახდენდეს გავლენას საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე.

ვეთანხმებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წინადადებას და მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მიზნიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა დამატებით გართულებულ პროცედურებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ამდენად, მიზანშეწონილია, განსახილველი კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილი დაკორექტირდეს ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას შესაბამის კანონპროექტში ცვლილების განხორციელების მიზნით. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ საკითხის შემდგომ განხილვაში.