საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში თამბაქოს ახალ ნაწარმზე და ელექტრონულ სიგარეტზე განსხვავებული რეგულაციების არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ასოციაციამ 2018 წლის 24 სექტემბრის N27/04 წერილით საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული განმარტებების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივას“ (2014/40/EU; TPD 2), რაც მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივასთან“ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეუსაბამობაზე, როგორებიცაა - თამბაქოს ნაწარმისა (მუხლი 3, პუნქტი „ა“) და თამბაქოს მოწევის (მუხლი 3, პუნქტი „დ“) განმარტებები, ასევე მათი რეგულაციები. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტრონული სიგარეტი და არაწვადი თამბაქოს ახალი ნაწარმი არ უნდა განიმარტებოდეს როგორც თამბაქოს ნაწარმი, ვინაიდან ისინი სრულიად ახალი პროდუქტებია, შესაბამისად, საჭიროებს სხვაგვარ განმარტებასა და რეგულირებას.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ასოციაციის მიერ შემოთავაზებული პროექტი გამომდინარეობს ევროკავშირის „თამბაქოს ნაწარმის დირექტივის“ (2014/40/EU; TPD 2) მოთხოვნებიდან და მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის დირექტივებთან.
კერძოდ, შემოთავაზებული კანონპროექტი განასხვავებს ტრადიციულ წვად თამბაქოს ნაწარმს ელექტრონული სიგარეტისა და ახალი არაწვადი თამბაქოს ნაწარმისგან და შესაძლებლობას იძლევა მათთან დაკავშირებით დაწესდეს ახალი, ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მყოფი, რეგულაციები.
აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული განმარტებები და რეგულაციები ხელს არ უშლის თამბაქოს მოხმარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებას თამბაქოს რეალიზაციის, მარკეტინგისა თუ მოხმარების შეზღუდვის გზით. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროდუქტი ევროპის მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც თამბაქოს ჩამნაცვლებელი პროდუქტი.
ცნობილია, რომ თამბაქოს/ნიკოტინის შემცველი ის ნაწარმი, რომლის მოხმარება არ უკავშირდება წვის პროცესს, განსხვავდება თამბაქოს იმ ნაწარმისგან, რომელიც განკუთვნილია მოსაწევად. კერძოდ, ელექტრო სიგარეტები და თამბაქოს ახალი ნაწარმი არსებითად განსხვავდება ტრადიციული სიგარეტებისა და სხვა წვადი თამბაქოს ნაწარმისგან. განსხვავება კი მდგომარეობს იმაში, რომ ელექტრო სიგარეტების და თამბაქოს ახალი ნაწარმის მოხმარებისას არ ხდება თამბაქოს წვა და არ გამოიყოფა კვამლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს ასოციაციის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობას და მისი მხარდაჭერის საჭიროებას.