"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში  შესატანი  ცვლილებების პროექტი რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს

პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას. აგრეთვე, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტების აბრების რეგლამენტირებას.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე მუშაობის პროცესში და კომუნიკაცია აქვს პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან.

კანონპროექტის შემუშავებას წინ უსწრებდა განხილვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც დარგის წარმომადგენლებს  არ ჰქონდათ  მონაწილეობის შესაძლებლობა და კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი წარმოადგენდა.

გვქონდა შეხვედრები, როგორც გაფართოებულ ფორმატში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებთან  ასევე, სარეკლამო და მედია სექტორებთან, მათ შორის კონკრეტულ კომპანიებთან და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით   კერძო სექტორის პოზიცია და წუხილები ჩვენთვის ცნობილია.

ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში  შესატანი ცვლილებების პროექტი,  რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას, რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე (რეკლამის დამკვეთებზე), არამედ რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს.

ბიზნესისათვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის კანონპროექტში მითითებული ცვლილების ამოქმედების მცირე ვადაც (გამოქვეყნებიდან მე-14 დღე). აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელიც ასეთ მცირე ვადაში ვერ შეწყდება ანდა მათი შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც ამ კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების ამოქმედებისათვის აუცილებელია გონივრული ვადის დაწესება.

კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის პრაქტიკაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამეტში დარეგისტრირებულ კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს  პარლამენტის  კომიტეტებში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში  უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბიზნესსექტორების წარმომადგენლების ჩართულობა და განხილვები წარიმართოს დარგის ინტერესების გათვალისწინებით.