შეხვედრა სასამართლო ხელისუფლებასთან

დღეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის, სასამართლო ხელისუფლების და ბიზნესასოციაციების ერთობლივ შეხვედრაში, რომელიც ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, აგრეთვე საუბარი იყო იმ პრობლემებზე, რომლებიც აქვს ბიზნესს სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორცილების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა სასამართლოს როლს ქვეყანაში მიმზიდველი ბიზნესგარემოს ფორმირებასა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბიზნესომბუდსმენმა შეხვედრაზე ისაუბრა იმ პროგრესზე რაც ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ჯერ კიდევ დგას სასამართლო და რომელთა მოუგვარებლობა უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესსუბიექტებზე.

შეხვედრაზე გიორგი გახარია შეეხო ბიზნესისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული დავები, საკუთრების უფლების დაცვის ადმინისტრაციული წესის გაუქმება, სადავო საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღება, კონკურენციის და ინტელექტუალური საკუთრების დავები.

ბიზნესომბუდსმენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობასა და სახელმწიფო ორგანოთა პრაქტიკაში არსებული ხარვეზების თაობაზე ყველაზე უფრო მოცულობითი და კომპლექსური ინფორმაცია სწორედ სასამართლო სისტემაში იყრის თავს. მოსამართლეთა ხელში გადის ყველა ის საკითხი, რომელთა გადაწყვეტა ვერ მოხერხდა სახელმწიფო უწყებების ფარგლებში ან/და კანონმდებლობის ცვლილებას საჭიროებს. შესაბამისად, თუ კი სასამართლო ხელისუფლება მოახდენს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული იმ ხარვეზების იდენტიფიცირებას, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებად არის ქცეული და ასეთ ინფორმაციას დიალოგის რეჟიმში გაცვლის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ეს პრობლემების დროული პრევენციის საუკეთესო საშუალება იქნება.

მიმაგრებული სურათები