საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ არაერთ შეხვედრაზე დასმული იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადის გადავადების საკითხი და ბიზნესომბუდსმენის აპარატს კომპანიებმა და ბიზნეს ასოციაციებმა აღნიშნული დადგენილების ამოქმედების ვადის გადავადებასთან დაკავშირებით განცხადებებით მომართეს.
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N301 დადგენილება ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს. დადგენილებით არსებითად იცვლება იმ სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც დატანილ უნდა იქნეს პროდუქტზე მისი ეტიკეტირებისას და გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N441 დადგენილებით. შესაბამისად ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე საჭიროა პროდუქციის ეტიკეტში ცვლილების შეტანა.
ბიზნესი ბიზნესომბუდსმენისათვის გამოგზავნილ განცხადებებში აღნიშნავდა, რომ კომპანიები ახორციელებენ მრავალი სახეობის პროდუქციის მასობრივ და უწყვეტ წარმოებას, რომელთაც გააჩნიათ შენახვის/ვარგისიანობის დიდი ვადა. პროდუქცია ამ ეტაპზე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ ჩაშვებულია ბრუნვაში და იგი სარეალიზაციო ქსელში განთავსებული შეიძლება იყოს რამდენიმე თვის განმავალობაში. აღნიშნულ პროდუქციაზე კი ეტიკეტები დატანილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N441 დადგენილებით დამტკიცებული სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. შესაბამისად, 2018 წლის 1 სექტემბრამდე კომპანიები ვერ ახერხებენ აღნიშნული მარაგის ამოწურვას, მისი ჩამოწერა და განადგურება კი, დიდი ფინანსური ზარალის მომტანი იქნება მათთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიმართა შესაბამის უწყებებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადის გადავადების შესახებ.
პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან კონსულტაციების შედეგად, კომპანიების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 6თვით გადავადდა.