საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“

საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის და უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენები ეწვევიან

ბიზნესომბუდსმენის  აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს  (CiDA)  ორგანიზებით,  შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 11 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლებს.

კონფერენციაზე „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ განხილული იქნება  ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენი ბოლატ პალიმბეტოვი, უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენი დილმურდ კასიმოვი, პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენი ადამ აბრამოვიჩი და უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ტატიანა კოროტკო.

ამავე კონფერენციის ფარგლებში  გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - პოლონეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენის აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების ფარგლებში  გაფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და გაძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით. 

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს,  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  (OECD) დელეგაცია ეწვევა.  კონფერეცნაიაში ასევე, მონაწილეობენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს  (CiDA),  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლები.