საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ბიზნესფორუმი დღეს, ბათუმში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიხსნა და მასში 300-მდე მეწარმემ, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 180-მა ქალმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ფორუმის მონაწილეებმა ქალების ბიზნესსექტორში ჩართულობის წარმატებული მაგალითები განიხილეს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
ბიზნესომბუდსმენმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გაამახვილა, მათ შორის, ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს ის სერვისები გააცნო, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს და აღნიშნა, რომ საჭიროა გაიზარდოს ბაზარზე ქალთა მიერ მართული ბიზნესების წილი. მისივე თქმით, ზოგადად, წარმატებული და საქმიანი ქალების როლი ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს.
ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და, მათ შორის, ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და ბიზნესპროდუქტების, ასევე, საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად.