ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის I კვარტლის საქმიანობის სტატისტიკა
  • 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატში 89 საქმე დარეგისტრირდა
  • მომართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობების სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან  ფიქსირდება
  • მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია - 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა - 14 განცხადება
  • მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის  ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუადგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. მათ შორის 30 მიმდინარეა, დადებითად გადაწყვეტილი - 20, ნაწილობრივ დადებითად გადაწყვეტილი - 1 და უარყოფითად გადაწყვეტილი - 4

გაგზავნილ შუამდგომლობებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივ დასკვნებს შორისაა:

  • ნედლი ნავთობის შენახვაზე დანაკარგის ნორმის განსაზღვრასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად იქნა გაითვალისწინებული  და  შედეგად, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და  ნედლი ნავთობის შენახვაზე ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ნორმად დაწესდა 0.077 (დანაკარგი წონიდან %-ში).
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ ჯარიმების დაკისრებისა და აღსრულების წესის ცვლილების შესახებ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები,  რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.  შედეგად 3 თვის (ნოემბერი 2018-იანვარი 2019) ვადით გამოცხადდა მორატორიუმი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაკავების გზით აღსრულებაზე, განხორციელდა კლინიკებისთვის არსებული დავალიანების მნიშვნელოვანი ნაწილის ამნისტირება (2/3). ამნისტიის შესრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა დარჩენილი თანხის გადახდის/ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმი და თანხის დაკავების პროპორციები 20% და 50%, მნიშვნელოვნად - 5% და  10%-მდე შემცირდა. ამასთან, თანხა რომელზეც გაფორმდება გრაფიკი არ ჩაითვლება აღიარებულ დავალიანებად  და კლინიკებს რჩებათ დავის დაწყების/გაგრძელების პერსპექტივა.
  • სალიზინგო და არასაბანკო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების ახალ წესებთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაწილობრივ გაითვალისწინა. შედეგად, სგს/მისი ფილიალის საოპერაციო ფართის სავალდებულო ოდენობა შემცირდა 15 კვ.მ.-მდე,  შესაძლებელი გახდა სესხის გამცემ სუბიექტმა თავისივე ფართში მოაწყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ერთი თვით გადავადდა სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება,  ლიზინგის გამცემი სუბიექტები გათავისუფლდნენ  საპროცენტო სარგებლის ცალკე მითითების ვალდებულებისგან.
  • საქართველოს პარლამენტში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა  ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესთან დაკავშირებით და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესახებ. ასევე, საქართველოს მთავრობაში გაგზავნილია სამართლებრივი დასკვნა  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.
  • ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას  ახალი საბანკო რეგულაციების შერბილების მიმართულებით.
  • 2019 წლის I კვარტალში ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით  ადმინისტრაციულმა ორგანომ  10 მეწარმის საქმეზე გამოიტანა დაგაწყვეტილება და 90%-ში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა
  • 2019 წლის I კვარტალში   ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის  მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით  გამოიკვეთა ახალი კრიტიკული საკითხები, მათ შორის
  • მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების მხრიდან  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. მიგვაჩნია,  რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ.
  • ადმინსტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ  1 სუბიექტთან მიმართებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება. მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას.
  • თბილისის ახალი  გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების  უფლებების შეზღუდვის შემთხვევები. მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწის მესაკუთრეებისათვის განხილული და შეთავაზებული იქნას პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის გამოყენებით, რათა არ შეილახოს მათი სამეწარმეო ინტერესები და შეუფერხებლად მოახერხონ ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება.
  • კრიტიკულ საკითხად რჩება სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის, მათ შორის სამშენებლო და საცალო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიებისთვის, საბანკო რეგულაციების გავლენა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე.
  • მნიშვნელოვანია თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების საქმიანობაზე თამაბქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა, კომპანიების შეფასებით მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40% არის შემცირებული.
  • მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია სხავდასხვა უწყებებში თუ მუნიციპალიტეტებში  გართულებული ბიუროკრატიული პროცესი საშუალო რგოლის მენეჯმენტში, რაც მოუქნელს ხდის ბიზნესთან კომუნიკაციას. ამასთან, პრობლემად რჩება პასუხგაუცემელი და დაგვიანებული პასუხები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.
  • ამ პერიოდში მნიშვნელოვან შედეგად მიგვაჩნია, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად იქნება წარმოდგენილი ანტიკორუფციული სტრატეგიის ბიზნესის კეთილსინდისიერების პროგრამის განხორციელების მიმართულებით, რომელიც მხარდაჭერილია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანების (OECD) ორგანიზაციის მიერ.