საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეპოზიტზე თანხის განთავსებასთან დაკავშირებით.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას.
ასოციაციის განმარტებით, განაწილების ლიცენზიატები - სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ბოლო პერიოდში, აქტიურად იყენებენ აღნიშნულ უფლებას და ასოციაციის წევრ კომპანიებს (ქსელურ მარკეტებს - სს „ფუდმარტს“, სს „ნიკორას“, შპს „სუფთა სახლს“ და სხვა) მათ დროებით სარგებლობაში არსებულ ფართში აბონენტად რეგისტრაციისას სთხოვენ თანხის დეპოზიტზე განთავსებას, რაც მნიშვნელოვან ტვირთად აწვება კომპანიებს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მოსაზრებით, აუცილებელია თანაბარმნიშვნელოვნად იქნეს დაცული როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელი მეწარმე სუბიექტების ინტერესი - დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრები მოახმარონ კომპანიის განვითარებას, ისე განაწილების ლიცენზიანტების უფლება - ელექტროენერგიის დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში არ დადგეს რისკის წინაშე.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კომპანიებს უნდა მიეცეთ უფლება დეპოზიტზე თანხის განთავსების სანაცვლოდ, განაწილების ლიცენზიატს წარუდგინონ უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები, როგორიცაა საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი ან დროებით სარგებლობაში არსებული ფართის მესაკუთრის თავდებობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია არ შეიზღუდოს უზრუნველყოფის საშუალების არჩევაში და განაწილების ლიცენზიანტმა მიიღოს კომპანიის მიერ წარდგენილი ალტერნატიული უზრუნველყოფის საშუალება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3-1 პუნქტი:
„3-1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მეწარმე სუბიექტია, მას უფლება აქვს განაწილების ლიცენზიატს დეპოზიტზე თანხის შეტანის სანაცვლოდ წარუდგინოს იმავე ღირებულების უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები: საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი ან დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის თავდებობა.“.
ამასთანავე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, შესაბამისი ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩავერთოთ საკითხის შემდგომ განხილვაშ