ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ.
დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესამუშავებელი რეკომენდაციები განიხილეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.
შეხვედრას 20-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ვაგრძელებთ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს და ვმუშაობთ იმ ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის, რომლებიც ამ დრომდე დაკეტილია. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს და შევთანხმდით სამუშაო პროცესზე. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში შემუშავდება ბიზნესისთვის პრაქტიკაში აღსრულებადი რეგულაციები, რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის გახსნა,“- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.