ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენცია

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვნიაძე ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მესამე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

პანელზე „Challenges and Opportunities in Tourism & Hospitality Industry”  ბიზნესომბუდსმენმა ისაუბრა საქართველოში ბიზნეს კლიმატის შესახებ  ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორებში.

„ჩვენ ვართ ძირითადი მედიატორი ბიზნესსა და სახელწიფო უწყებებს შორის და იქ სადაც არის გარკვეული დისკომუნიკაცია ჩვენ, ვერთვებით და მაქსიმალურად ვლობირებთ ნებისმიერ რაციონალურ ბიზნეს ინტერესს.

გამოვყოფდი მნიშვნელოვან საკითხებს რასაც ტურისტული ინდუსტრია სვამს ამ ეტაპზე, ესენია კვალიფიციური კადრების საკითხი, მშენებლობების რეგულაციები, შესყიდვები და მოსახლეობასთან კომუნიკაცია, აგრეთვე ნარჩენების მართვის მიმართულებით ნორმების დადგენა და ობიექტების სავალდებულო დაზღვევის ნაწილში გარკვეული სეზონურობის საკითხის დასმა. ვფიქრობთ, რომ კარგი მედიაციისა და ლობირების შემთხვევაში ნებისმიერი რაციონალური საკითხი რომელიც იქნება ინდუსტრიის მხრიდან დასმული აუცილებლად იქნება ასახული, რადგან ამისთვის  არსებობს  მზაობა  ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომლებიც ჩვენთან შემხებლობაშია. „ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამავე პანელზე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ  და საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ. ღონისძიება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  გახსნა.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია ბიზნეს ღონისძიებაა, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი კომპანიები გააცნონ ფართო სამიზნე აუდიტორიას, მოიპოვონ სასარგებლო კონტაქტები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წამყვანი კომპანიის 350-ზე მეტ წარმომადგენელთან – საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების მმართველებთან და მფლობელებთან, პროექტის პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელებთან, ბაზრის წამყვან დეველოპერებთან და ინვესტორებთან, ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და მასმედიასთან.

კონფერენციის მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ უახლეს ინფორმაციას, მოუსმინონ ბაზრის წამყვანი მომწოდებლების და პროფესიონალების სასარგებლო პრეზენტაციებს.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში  ტარდება. კონფერენციაზე დაანონსდება  დაჯილდოების ჟიურის ახალი შემადგენლობა და განახლებული კატეგორიები.

მიმაგრებული სურათები