კონფერენცია„სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლება და ანგარიშგებათა სრულყოფა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღეს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლება და ანგარიშგებათა სრულყოფა“.

კონფერენციაში ასევე, მონაწილეობდნენ, საქართველოს მთავრობისა და დარგში მოქმედი კომპანიის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს  სათამაშო ბიზნესის სექტორში დაგეგმილი ახალი რეგულაციები. ბიზნესომბუდსმენმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო  ის ინიციატივები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ სამუშაო ჯგუფში მომზადდა.

„კონფერენციის ფორმატში,  სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებსა და ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიის წარმომადგენლებს გავაცანით სამუშაო ჯგუფში განხილული საკითხები და გავცვალეთ მოსაზრებები. სამუშაო ჯგუფში ინდუსტრიის მონაწილეების ინტერესებს ჩვენი აპარატი წარმოადგენს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეტალურად  ვიცნობდეთ ინდუსტრიის თითოეული მოთამაშის პოზიციას დაანონსებულ  რეგულაციებთან დაკავშირებით.   ძალიან მნიშნელოვანია, რომ  აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის პროცესში  თავად დარგის მონაწილეებსაც მიეცეთ ჩართვის შესაძლებლობა.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღესვე, ბიზნესომბუდსმენმა   კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ის შენიშვნები, რომლებიც აპარატმა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს გაუგზავნა.

„არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც  გვაქვს პრინციპული პოზიციები. მათ შორის სათამაშო ბიზნესის მომხმარებელთათვის ასაკის 25 წლამდე გაზრდა.  ვფიქრობ, რომ ხელოვნურად და დასაბუთების გარეშე ამ  ბარიერის შექმნამ შესაძლოა გამოიწვიოს ზღვარს ქვემოთ დარჩენილი მომხმარებლების ჩრდილში გადაყვანა. ასევე,  მნიშვნელოვანია სათამაშო ბიზნესისათვის რეკლამირების სრულად აკრძალვის თემა, რადგან აღნიშნული ეხება, როგორც სათამაშო ბიზნესს ასევე, სარეკლამო ბაზარს და გამოიწვევს სარეკლამო კომპანიების შემოსავლების შემცირებას. ასევე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე  გაკეთდეს რეგულირების გავლენის შეფასება (RIA), რათა უფრო ნათლად დავინახოთ ამ ცვლილებების შედეგი ეკონომიკასა და ბიზნესზე.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მიმაგრებული სურათები