ინვესტიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობის ფორუმი

ინვესტიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის და ევროკომისიის ერთობლივ ღონისძიებაზე მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში.

პანელზე - სისტემური საინვესტიციო რეაგირების მექანიზმის (SIRM) განხორციელება წამყვანი უწყებების მიერ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაინერგა ბიზნესომბუდსმენის ელექტრონული პორტალი და ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილე სხვადსხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ბიზნესომბუდსმენის აპარატში დაგროვილი გამოცდილება გააცნო.

პანელზე ასევე, იმსჯელეს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის როლზე განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გამართა ორიმხრივი შეხვედრები ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების ბიზნესომბუდსმენის მსგავსი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.

ფორუმი მიზნად ისახავდა, განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ინვესტიციების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სისტემური საინვესტიციო რეაგირების მექანიზმის(SIRM) შექმნასა და დანერგვაში. ღონისძიება მონაწილე ქვეყნებს, ასევე ეხმარება უკვე არსებული სისტემური საინვესტიციო რეაგირების მექანიზმის(SIRM) სრულყოფაში, შიდა შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო საინვესტიციო ვალდებულებების განხორციელებაში.

ფორუმი მოიცავდა SIRM -ის დანერგვასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს, მათ შორის მისი განხორციელების სირთულეებს, პრობლემების გადაწყვეტის საშუალებებს, მომართვიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და ანალიზის სპეციფიკებს.

მსოფლიო ბანკი თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში ინვესიტიციების დაცვისა და შენარჩუნების მექანიზმების განვითარებისთვის განაგრძობს სხვადასხვა ქვეყნების ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების ხელშეწყობას.