„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბდუსმენის  4 შენიშვნიდან  ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა განიხილა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, თანმდევ აქტებთან ერთად (N07-3/224   13.09.2018).

ვიზიარებთ დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორთა სულისკვეთებას და ვთვლით, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი საკითხი რომელსაც შემოთავაზებული წინადადებები შეიცავს დამატებით გააზრებას საჭიროებს, ვინაიდან მათი პრაქტიკაში რეალიზებისთვის არც მაკონტროლებელი ორგანო (შრომის ინსპექცია) და არც ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის და საკითხის ფორსირება მხოლოდ დააზიანებს აღნიშნული კანონით მოწესრიგებული ურთიერთობების სუბიექტთა ინტერესებს.

დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს:

  1. ფართოვდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გავრცელების არეალი და ნაცვლად მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა, რომლის ნუსხაც მთავრობის დადგენილებით არის დამტკიცებული სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით, იგი ეკონომიკის ყველა დარგზე გავრცელდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წლის 27 ივლისის მთავრობის N381 დადგენილებით დამტკიცებული სამუშაოების ჩამონათვალი იმდენად ფართოა, რომ იგი პრაქტიკულად წარმოებისა და მომსახურების ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს შეიცავს. ყველა სხვა დანარჩენ სამუშაოებზე ამ კანონის მოქმედების გავრცელების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს და ამ ეტაპზე კანონის გავრცელების არეალის გაფართოება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

  1. შრომის პირობების მაკონტროლებელ ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება ეძლევა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, ზედამხედველი ორგანოს მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე არ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე შემოწმების მოთხოვნები, თუ შემოწმება ხორციელდება:

ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;

ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში;

გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით.

ყველა დანარჩენ შემთხვევაში მეწარმის შემოწმება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით არის შესაძლებელი.

საქართველოს კანონმდებლობით, მეწარმის შემოწმება სასამართლოს წინასწარ კონტროლს ექვემდებარება, თუმცა კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს შემოწმების დაუყოვნებლივ დაწყების შესაძლებლობას (შემდგომი სასამართლოს კონტროლის პირობით), თუკი მაკონტროლებელი ორგანო შემოწმების დაწყების გადაუდებელ აუცილებლობას დაასაბუთებს.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა შემოწმების საგნის ნაწილში და დაუყოვნებლივ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით. თუ საწარმოს საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან იგი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოს ანდა ამას მოითხოვს მეწარმე, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს მეწარმის შემოწმება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს კონტროლის გარეშე შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოსთვის (შრომის ინსპექციისთვის) მეწარმის შემოწმების უფლებამოსილების მინიჭების არც სამართლებრივი საჭიროება და არც ფაქტობრივი აუცილებლობა არ არსებობს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებსაქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და შეფასებები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვისას.