შეხვედრა საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან   „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის  - “ მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებზე მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგენს ევროდირექტივის (90/270/ EEC) საფუძველზე შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შევიდეს ძალაში.

ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენა. რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგზე, სადაც ხორციელდება მონიტორიან დანადგარებთან შრომითი საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით.

ბიზნეს  ასოციაციების წარმომადგენლებმა ტექნიკური რეგლამენტის შესახებ საკუთარი შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინეს.  კერძო საქტორის აზრით ტექნიკური რეგლამენტის მოცემული ფორმით ამოქმედებამ შესაძლოა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება გამოიწვიოს, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ სამეწარმეო საქმიანობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება და ტექნიკური რეგლამენტის დასახვეწად რეკომენდაციები შემუშავდება.