ბიზნესომბუდსმენი ბათუმში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ლექვინაძე: ყველა რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა

საქართელოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე განაგრძობს რეგიონებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

ბიზნესომბუდსმენის ოფისმა ბიზნეს-სექტორთან რეგიონული შეხვედრები  უკვე გამართა  გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში.  დღეს კი, ირაკლი ლექვინაძე ბათუმში ადგილობირვი ბიზნეს-სექტორის 200მდე წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე, ბიზნესომბუდსმენმა,   საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. ირაკლი ლექვინაძე ბიზნესმენებს დეტალურად აცნობს  იმ საკომუნიკაციო მექანიზმებს, რითიც  შეუძლია კერძო სექტორს დაუკავშირდეს ბიზნესომბუდსმენს და მიიღოს  მხარდაჭერა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა  პრობლემური საკითხების შესახებ  დასვეს კითხვები.

„ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონებში შეხვედრებს და  დღეს აჭარის რეგიონის მეწარმეებს შევხვდით.   რეგიონული შეხვედრები და  ადგილობრივი ბიზნესის პრობლემატიკის გაცნობა  ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესმენებს  გავაცანით ჩვენი შესაძლებლობები და ის,  თუ რას აკეთებს ბიზნესომბუდსმენის ოფისი მათ მხარდასაჭერად. გვქონდა საკმაოდ საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმი. მეწარმეებმა ისაუბრეს ბიზნესის კეთების პროცესში მათთვის პრობლემურ საკითხებზე. ბიზნესმენებმა გამოყვეს სოფლის მეურნეობის სფერო და ის თემები, რომლებსაც ადგილობრივი მთვრობის მხირდან ჭირდება უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები. ვისაუბრეთ ქონებებისა და დაბეგვრის საკითხებზე. ამასთან, ყველა რეგიონში და მათ შორის აჭარაშიც აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა.  არსებობს ძალიან ბევრი ბიზნეს იდეა და პროექტი. ვფიქრობ, რომ თუ იმ პროგრამების მიხედვით, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაიზრდება ფინანსებზე წვდომა -  ეს კიდევ უფრო მეტად აქტიურს გახდის ადგილობრივ ბიზნესს. საკითხების წრე იყო საკმაოდ მრავალფეროვანი. ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე  სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას.“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ

ბიზნესომბუდმენის ოფისის რეგიონული შეხვედრების მიზანია  რეგიონებში კერძო სექტორთან ომბუდმსენის ოფისის კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურება  და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მხრიდან შეხვედრებზე დასმული საკითხების მიხედვით, რეგიონებში დღეს ბიზნესის წარმოების პროცესში  არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება.

შეხვედრები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენის ოფისს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით იმართება.

მიმაგრებული სურათები